საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია და მას ამ ეტაპზე პოლიტიკასთან კავშირი. აღნიშნულის შესახებ გელბახიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
“სუსტად არის, ერთადერთი გეგმა აქვს, რომ ჯანმრთელობას მიხედოს, პოლიტიკური გეგმები მას არ გააჩნია, პირიქით, ამბობს, რომ პოლიტიკასთან ამ ეტაპზე არანაირი კავშირი არ სურს. ის ძირითადად, წევს. საუბრის უნარი როგორ არ აქვს, მიცვალებული კი არ არის, სააკაშვილია, მაგრამ იმის აჩრდილი არ არის, რაც იყო, წოლით რეჟიმშია, მალე იღლება, ვერ საუბრობს იმ ტემპით, როგორც საუბრობდა, მოდუნებულია, ამდენი წამლები და პროცედურები ნებისმიერ ადამიანს დაასუსტებდა. სააკაშვილი აღარ გამოიყურება ისე, როგორც იცნობდით, უკვე სულ სხვა ადამიანია…
დამიკონკრეტა, ჩემთან თქვა, თუ ოდესმე პოლიტიკაში დაბრუნდება, მისი არეალი იქნება უკრაინა და არა საქართველო. მან თქვა, რომ როგორც შეეძლოო, მთელი ცხოვრება ქართველ ხალხს ემსახურა, ახლა გადადგა ნაბიჯი და ჩაჯდა ციხეში და ესეც ქართველი ხალხის გამო გააკეთა.“, – განაცხადა გელბახიანმა.
აკვოკატმა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას თქვა, რომ სასჯელის გადავადების შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, გერმანიაში წაიყვანონ.
„პროცედურულად ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა, ეს იოლი სამუშაო არ არის, ძირითადი სამუშაო ექიმებმა და ექსპერტებმა ჩაატარეს, ახლა ყველაფერი ფინალშია მისაყვანი, დასკვნით ეტაპზეა, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა საექსპერტო ბიურომ უნდა გასცეს. ჩვენ ვვარაუდობთ ასევე, რომ უცხოელი ექსპერტებიც დადებენ თავიანთ დასკვნებს და მერე შევალთ სასამართლოში შუამდგომლობით, რომ სასჯელის გადავადება მოხდეს, რადგან სასიცოცხლო პარამეტრებში არანაირი გაუმჯობესება და წინსვლა არ არის. იმყოფებოდა გორის ჰოსპიტალში, გლდანის ციხის საავადმყოფოში, ახლა „ვივამედშია“, ეს ყველა სამედიცინო ტიპის დაწესებულებებია, ყველგან სხვადასხვანაირი მკურნალობა ჩაუტარეს, 14 დაავადება აღმოაჩნდა, ისიც არ ვიცით დიაგნოსტირება სწორია, თუ არა, მკურნალობენ თუ არა სწორად, რადგან არც ერთი პარამეტრის გაუმჯობესება არ ხდება, ეს ძალიან ცუდი პროგნოზია.“, – აცხადებს გელბახიანი.

