ბიძინა ივანიშვილს უპირებენ, რომ იგი მსხვერპლად შესწირონ, მაგრამ იცით რატომ? ჩვენ, ქართველ ხალხს, დაგვანახონ და გვითხრან, რომ ასეთი ძლიერი, გავლენიანი, ქველმოქმედი, კეთილი ადამიანი მსხვერპლად შევწირეთ, თქვენ ვინ ხართ?!, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის გარკვეული საფუძველია საჭირო. კერძოდ, ხოფერიას განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო საქმეებში ჩარევის, შანტაჟის, სახელისუფლებო ბერკეტების ფლობის ფაქტები, რაც არ არსებობს. ხოფერიამ დაასახელა გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი, რომელთაც არასდროს უთქვამთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ საქმეებში ჩაერია.
„რომელიმე მათგანმა დაასახელა ფაქტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხელისუფლებისა და სახელმწიფო საქმეებში ჩარევის შესახებ? მაინტერესებს, თუ ასეთი ფაქტები არ არსებობს, საერთოდ რა დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, მითხარით? არა, ჩემო კარგებო! აქ ჩვენ ვდგავართ ერთადერთი ფაქტის, მსხვერპლშეწირვის წინაშე ვდგავართ.
აცტეკებს ჰქონდათ, ამოირჩევდნენ საუკეთესოს და ეუბნებოდნენ, შენ არაფერ შუაში ხარ. კარგი ხარ, მაგრამ უნდა შეგწირო ღმერთებს მსხვერპლად! დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ახლა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილს უპირებენ, რომ იგი მსხვერპლად შესწირონ, მაგრამ იცით რატომ? ჩვენ, ქართველ ხალხს, დაგვანახონ და გვითხრან, რომ ასეთი ძლიერი, გავლენიანი, ქველმოქმედი, კეთილი ადამიანი მსხვერპლად შევწირეთ, თქვენ ვინ ხართ?! აი, თქვენ უნდა გეშინოდეთ. თქვენ ეს უნდა დაიმახსოვროთ, იყოთ დაჩმორებულები მუდმივად, რადგან ნახეთ, რა ვუქენით ბიძინა ივანიშვილს და თქვენ უარესი მოგელით. მხოლოდ ამას ემსახურება ის უმსგავსობა, რაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდება“, – განაცხადა ხოფერიამ.
მისივე თქმით, თუ დეოლიგარქიზაციაა საჭირო ამის მაგალითი შეუძლია აშშ-მა საქართველოს მისცეს, რისთვისაც ხოფერიამ მაიკლ ბლუმბერგი დაასახელა.