კომპანიის “ნიუ ლაიფი” დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი აცხადებს, რომ ქართული პოლიცია არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და ლახავს მის ღირსებას. ამის მაგალითად კუკუნაშვილს ორი მაგალითი მოჰყავს.
კუკუნაშვილის თქმით, მის ერთ-ერთ მეგობარ ე.კ-ს, რომელიც მიკონოსიდან თბილისში დაბრუნდა აეროპორტში შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, გაუნადგურეს ყველაფერი, რაც ჩემოდანში იყო, ტანსაცმელი მთლიანად გახადეს და ატირებულ ადამიანს უთხრეს, რომ ამ ყველაფერს აკეთებდნენ იმიტომ, რომ ე.კ. ამსტერდამიდან მოდიოდა და LSD-ს ეძებდნენ. ე.კ.-ის თქმით, ინდური სურნელოვანი ჯოხები გადაწყვიტეს, რომ იყო LSD და ექსპერტიზაზე წაიღეს.
კუკუნაშვილი ამბობს, რომ მეორე შემთხვევა პირადად მას უკავშირდება.
“ქართული პოლიცია sucks, რადგან ის არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და ლახავს მის ღირსებას. ნება მომეცით მოგახსენოთ რატომ. ერთი კვირის წინ, როდესაც მივფრინავდი ამსტერდამში მეგობართან ერთად, მესაზღვრე პოლიციელი კაცი დაჟინებით ითხოვდა, რომ სასტუმროს ბუქინგში მითითებული ყოფილიყო ჩემი მეგობრის გვარი და სახელი. ანუ ის არ აღმოჩნდა საკმარისი, ჯავშანი ორ ადამიანზე რომ იყო გაკეთებული. ღიმილით და თავაზიანად ვუხსნიდი წესებს და ვთხოვდი, რომ არ გაეფუჭებინა ჩვენთვის განწყობა. მაგრამ არა.. სანამ სულ შინ და გარეთ მოძალადე კაცი არ ვეძახე, სანამ საკუთარი უფროსობა თავზე არ დავახვიე და მისი უვიცობა იქაურობას არ გავაგებინე ცოცხალი თავით არ გვიშვებდა. მერე, კი როცა ყველამ ერთად შევაგნებინეთ, რომ მისი საქმე არ არ არის სასტუმროს ნომერში გვერდით ვინ მომიწვება, ჩაყო თავი მაგიდის ქვეშ და აღარც აუწევია ზემოთ, მაგრამ რატომ ? გვაკლია სტრესი ?
14 ივლისს, დილის 9 საათზე ჩამოვფრინდები ამსტერდამიდან. რადგან ასე საშიში ყოფილა ამსტერდამიდან თბილისში დაბრუნება, მე აეროპორტში დამხვდებიან ადვოკატები და ჟურნალისტები. აბა, მარტო გაბედეთ ზედმეტი. მანამდე კი დაგუგლეთ და განათლდით LSD რა არის, ლიფები, ტრუსიკები და სურნელოვანი ჩხირები რომ ატაროთ ექსპერტიზაზე. ძალადობა ისჯება კანონით! სხვისი ნივთების და ქონების განადგურება ისჯება კანონით, “ბარიგებისგან” “ნაკოლის” მიღება და ცრუ დასმენები ისჯება ისჯება კანონით”, – წერს კუკუნაშვილი.
როგორც “მეტრონომს” საბაჟო სამსახურის პრესსამსახურმა განუცხადა, ე.კ-ის მიმართ ნამდვილად განხორციელდა საბაჟო კონტროლი, რადგან ის იყო რისკის პროფილის მატარებელი.
“ეს ქალბატონი რისკის პროფილის საფუძველზე იქნა გაჩერებული და მის მიმართ მოხდა საბაჟო კონტროლის განხორციელება, რომელიც არის სრულიად სტანდარტული პროცედურა. დათვალიერდა მისი ბარგი და ხელბარგი როგორც სკანერით, ასევე ფიზიკურად და თუ თვლის ქალბატონი, რომ მის წინააღმდეგ დაირღვა უფლებები, შეგვიძლია, რომ მივიღოთ მისი განცხადება და აუცილებლად განვიხილავთ”, – აცხადებენ საბაჟო სამსახურში.