ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს

“გუშინ, დიდხანს  ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს “ბაკურიანის გეგმა”, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ რუსთაველზე გამართულ აქციას.

“გუშინ, ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც, ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა, საქართველოში დამატებით არის 3 მილიონი ადამიანი და მეტი, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. გუშინ, დიდხანს ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, რომ ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს “შულავერის კომიტეტის” გამომზეურებას და ქვეყნის წალეკვას – ეს არის ტერმინი, რომელიც პირდაპირ გამოიყენა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს”, – აცხადებს კობახიძე.

როგორც კობახიძე აცხადებს, გუშინდელი აქცია იყო ე.წ. ბაკურიანის გეგმის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც, კობახიძის თქმით, ქვეყანაში იგეგმება არეულობა და ომის დაწყება.

“რა თქმა უნდა, ეს იყო “ნაცმოძრაობის” და “სირცხვილიას”, ანუ, მისი ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული და ეს იყო “ბაკურიანის გეგმის” შემადგენელი ნაწილი – ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა, ის წარუმატებლობისთვის არის განწირული. ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ, რატომღაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას აუცილებლად მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს – არა. ეს, საიდანღაც წინასწარ იცოდნენ. შემდეგ ამას უნდა მოჰყოლოდა აქციები, არეულობა და ამ გეგმის ბოლო წერტილი არის ომი. ეს გეგმა ძალაშია, თუმცა, ჩვენ არავის მივცემთ მისი აღსრულების საშუალებას”, – ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, “სირცხვილიას” ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა გუშინდელ აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობა დააანონსა, რომელიც 24 ივნისს შეკრებას გამართავს და ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებს. მათი შეუსრულებლობის შემთხვავაში კი, დიღმელაშვილის თქმით, უნდა დაიწყოს მასობრივი, არაძალადობრივი დაუმორჩილებლობა.

იტვირთბა....