ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სირცხვილია” სახალხო მოძრაობას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც, ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ

მოძრაობა “სირცხვილია” სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს შექმნას აანონსებს, რომელმაც საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლები უნდა გააერთიანოს. ამის შესახებ “სირცხვილიას” ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა დღეს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მსველობისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სამოქალაქო მოძრაობის წევრები ხელისუფლებას მოთხოვნებს წამოუყენებენ, მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მასობრივ, არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

“24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარესად იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა. ამიტომ, 24 ივნისს თქვენს წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეში იდგებით თქვენ – ხალხი. ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას, ფეხზე დადგება საქართველოს ყველა სოფელი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაგვეღობა”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 24 ივნისს გამოაცხადებს. ცნობისთვის, 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო საქართველოს პრიორიტეტები დაუწესდეს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, კომისია კვლავ მიუბრუნდება მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხს.

ამავე თემაზე: რა პირობები წაუყენა ევროკომისიამ საქართველოს EU-ს კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის მისაღებად

იტვირთბა....