ევროკომისია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, საქართველოს შემთხვევაში კი პირობების დაწესების რეკომენდაციით გამოვიდა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭების საკითხის განხილვა კვლავ დღის წესრიგში დადგება.
მალევე, ევროპის კომისიამ გამოაქვეყნა ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის მინიჭებას გაუწევს რეკომენდაციას:
- პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფით.
- ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონიერების გარანტიის შექმნა მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერებით, ასევე, დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციებით; საარჩევნო ბაზის შემდგომი გაუმჯობესება, ამ პროცესში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა.
- სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიისა და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმის მიღება და რეალიზება ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით; სრულფასოვანი და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა მთელ სასამართლო ინსტიტუციურ ჯაჭვში; ასევე, უფლებამოსილების გადანაწილების უზრუნველყოფა, კერძოდ, საპროკურორო და სასამართლო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, უფრო კონკრეტულად, უმაღლესი სასამართლოს და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, მათ შორის, მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორების დანიშნვაში; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის ჩატარება და უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნა. ყველა ეს ნაბიჯი სრულ თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროპულ სტანდარტებთან და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.
- ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გამყარება; ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
- “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულების შესრულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესებით გამოწვეული ჩარევების აღკვეთით.
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება საფრთხის დეტალური შეფასების საფუძველზე, კერძოდ, საფუძვლიანი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასამართლო პროცესებისა და მსჯავრის გამოტანის მიმართულებებით; უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.
- ძალისხმევის გაძლიერება თავისუფალი, მაღალპროფესიუონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად. კერძოდ, იმ გზით, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს; ასევე, ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლებისთვის საფრთხისშემცველ სიტუაციებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებების ჩატარებით.
- სწრაფი მოქმედება საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის, ძალადობაში ეჭვმიტანილთა და ძალადობისკენ წამქეზებელთა უფრო ეფექტური სამართლებრივი დევნით
- განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე.
- კანონმდებლობის მიღება, რომ ქართულმა სასამართლოებმა განხილვებისას პროაქტიურად გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
- ახალი სახალხო დამცველის წარდგენის პროცესში, უპირატესობა დამოუკიდებელ პირს მიენიჭოს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს; უზრუნველყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ ისინი დააკვირდებიან საქართველოს პროგრესს ამ პუნქტების შესრულების პროცესში და 2022 წლის ბოლომდე შეიმუშავებს საკუთარ ანგარიშს.