“ქართული ოცნების” წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველას სწორად არ ესმის. როგორც “მეტრონომთან” საუბრისას კახაძე ლგბტქ+ თემის ადამიანების უფლებების დაცვის შესახებ აცხადებს, არსებობს დაუწერებელი კანონები, ტრადიცია, კალაპოტი, რომელშიც მიედინება ყველა ქვეყნის ისტორია.
“კონსტიტუცია იწერება ყველასთვის. ყველას აქვს სიცოცხლის უფლება, გადარჩენის უფლება, კარგ პირობებში ცხოვრების უფლება. ყველა ვინც უფალმა ამ ქვეყნად გააჩინა თავისუფალი უნდა იყოს – ამას კონსტიტუცია უნდა იცავდეს და იცავს კიდევაც. რაც შეეხება აქტივობებს, ყოველთვის იქნება მცდელობა, რომ პოლიტიკაში გადაიყვანონ ეს. ორივე მხარე, რომელიც ლგბტ საკითხებს გაამწვავებს ჩვენი ქვეყნისთვის მტერია. არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ყველამ სწორად ვერ გაიგო. არსებობს დაუწერელი კანონები, ტრადიცია, კალაპოტი, რომელშიც მიედინება ყველა ქვეყნის ისტორია. კალაპოტს რომ დატოვებს, ნაპირზე გადმოსვლის შემთხვევაში რაღაცეები არასწორად ვითარდება”, – აცხადებს კახაძე.
მისი თქმით, ის ყველანაირი დემონსტრაციის წინააღმდეგია, გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა.
“მათი აქტივობებისთვის არის ადგილი გამოყოფილი, რამდენჯერმე იქ ჩაატარეს, ბარები რაღაცეები. სახელმწიფოს მათთვის არ დაუშლია, სახელმწიფო იცავდა მათ გამოხატვის თავისუფლებას. რაც შეეხება დემონსტრაციას, მე ყველა დემონსტრაციის წინააღმდეგი ვარ, არა მარტო ამისი. ერთადერთი მსვლელობა, რომელსაც მივესალმები ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როდესაც შეიძლება მანიფესტაცია ყველასთვის, ყველა რჯულის, ყველა სქესის წარმომადგენელთათვის. დანარჩენი პრივატული რაც არის იმათთვის, არსებობს შესაბამისი სივრცეები. კონფლიქტის გამამწვავებელი არც ერთი მხარე არ იქნება მართალი, იმიტომ რომ კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში ორივე”, – ამბობს კახაძე.
შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი და მის ფარგლებში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები უნდა გაიმართოს.
პრაიდის განცხადებას გამოეხმაურა ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ალტ-ინფოს ლიდერი კოკა მორგოშია და განაცხადა, რომ ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებენ.