რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და “აზოვსტალის” ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაცია ჩაშალეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზოვის პოლკი ავრცელებს.
მათი ცნობით, ე.წ. სიჩუმის რეჟიმის დროს, რუსებმა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები გამოიყენეს და ევაკუაციისთვის განკუთვნილ მანქანაზე მიიტანეს დარტყმა. შედეგად, დაიღუპა ერთი სამხედრო, რომელიც ხალხის გამოყვანის პროცესში იყო ჩართული.
“ავტომობილი, რომელშიც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, ქარხნის ტერიტორიიდან ევაკუაციას ახორციელებდა. დაბომბვის შედეგად, დაიღუპა ერთი მებრძოლი, ექვსი კი დაიჭრა. მტერი აგრძელებს ყველანაირი შეთანხმების დარღვევას და მშვიდოებიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში უსაფრთხოების გარანტიების უგულებელყოფას”, – ამბობენ აზოვის პოლკში.
მანამდე გაერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან და მიმდებარე რაიონებიდან თითქმის 500 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.