„საქართველოში ესტონური საგადასახადო სისტემა რომ დაინერგოს და არა მისგან ამოგლეჯილი მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, სრული სერიოზულობით ვამბობ: საქართველოში მოხდება რევოლუცია. დიდი ოქტომბრის კაპიტალისტური რევოლუცია“ – წერს ეკონომისტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ის ასევე ამბობს, რომ საქართველოში ილუზიებში ყოფნა ტრადიციული მოვლენაა და ახლა მორიგი ილუზორული საერთო-სახალხო კონსესუსი მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელის ირგვლივ ჩამოყალიბდა.
“საქართველოში მეოცნებეობა ტრადიციული მოვლენაა. რადგან ამ სიტყვამ პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და ლარივით უფასურდება, მის ნაცვლად სხვა სიტყვას ვიხმარ: საქართველოში ილუზიებში ყოფნა ტრადიციული მოვლენაა. ახალ მორიგი ილუზორული საერთო-სახალხო კონსესუსი ჩამოყალიბდა მოგების დაბეგვრის ესტონური მოდელის ირგვლივ.
ნამდვილი ეროვნული ერთობა შედგა. ერთად ძოვენ კომუნისტები და ნაციონალისტები, სოციალისტები და კაპიტალისტები, კონსერვატორები და ლიბერტალიანელები, მართლმადიდებლები და იეღოველები.
სინამდვილეში, საქართველოში ესტონური საგადასახადო სისტემა რომ დაინერგოს და არა მისგან ამოგლეჯილი მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, სრული სერიოზულობით ვამბობ: საქართველოში მოხდება რევოლუცია. დიდი ოქტომბრის კაპიტალისტური რევოლუცია. ვერავინ გააწრებს ამ მთავრობიდან ხალხის რისხვას. აეროპორტის ტრასაზევე დაატუსაღებენ თუ მეტი არა:)
ესტონეთში მთლიანი საგადასახადო ტვირთი არის ძალიან მძიმე. შრომის ანაზღაურების დაბეგვრა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში. აქციზები ასევე ძალიან მაღალია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი. მთლიანად საგადასახადო ტვირთი ნაკლებია ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში.
ცალკე ერთი, მოგების გადასახადის ნიმუშად მოყვანა და მასზე მიბაძვა სხვა მხარის გათვალისწინების გარეშე, არასწორია.
მაგალითად, საქართველოში ხელფასი იბეგრება 20 პროცენტით, ესტონეთში კი 55,5 პროცენტით. კერძოდ: საშემოსავლო 22 პროცენტი, სოციალური 33 პროცენტი, უმუშევრობის 0,5 პროცენტი.
არსფერს ვამბობ ბიუჯეტზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. მრავალი წლის განმავლობაში ემზადებოდა ქვეყანა ევროზონაში შესასვლელად და უმკაცრესად იცავდა ამისთვის დაწესებულ კრიტერიმებს.
თავისთავად იდეა არ არის ცუდი. გააჩნია როდის და რასთან ერთად”- წერს გოცირიძე.