უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსულ მხარეს არაერთმა მსოფლიო ლიდერმა მიმართა, რომ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია დაეშვა, თუმცა, ვლადიმერ პუტინი არც ერთ წინადადებას არ თანხმდება.
“პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გამუდმებით მიმართავენ მსოფლიო ლიდერებს, რომ ისინი დაგვეხმარონ რუსული მხარის დარწმუნებაში, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ზოგმა პოლიტიკურმა ლიდერმა თავისი პირადი არხებითაც მიმართა პუტინს, უმტკიცებენ, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ამის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, რუსულ მხარეს არანაირი რეაქცია არ აქვს”, – აცხადებს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, “აზოვსტალის” ქარხანას, რომელსაც თავს ასობით მშვიდობიანი მაცხოვრებელი აფარებს, ოკუპანტები სრული ძალებით უტევენ.
“იქ ყოველდღიურად თავდასხმები ხდება მძიმე არტილერიის და ავიაციის მაქსიმალური გამოყენებით, რომ გაანადგურონ “აზოვსტალი”. რუსებს ესმით, რომ იქ არიან ბავშვები, სამოქალაქო პირები, მაგრამ დაბომბვებს აგრძელებენ”, – აღნიშნავს პოდოლიაგი.