პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
“საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება.
კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა.
კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს.
კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე:”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ის ევროკავშირს 2 მაისს გადაეცემა”.