ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: [ევროკავშირის] კითხვარის პირველ ნაწილს კარლ ჰარცელს ორშაბათს გადავცემთ

“საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ის ევროკავშირს 2 მაისს გადაეცემა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 63-ე სხდომაზე განაცხადა.

“საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და შევსებული კითხვარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობის დასრულების ვადებზე.

“პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. სხდომაზე იმსჯელეს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობის დასრულების ვადებზე. აღინიშნა, რომ პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შევსებული კითხვარის გადაცემის შემდეგ, ევროკომისია საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას დაიწყებს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ამავე თემაზე: უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად კითხვარი შეავსო
ამავე თემაზე: უკრაინის შემდეგ, ევროკავშირის კითხვარი მოლდოვამაც შეავსო
იტვირთბა....