ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბიშვილი: საქართველოს მივიწყება არაფრით არ შეიძლება

ჟურნალმა Foreign Policy საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა კითხვით – “თვლით, რომ ამ მომენტისთვის საქართველო დასავლეთისგან – ევროპისა და აშშ-სგან საკმარის მხარდაჭერას იღებს?”.

ამის პასუხად, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთისგან მხარდაჭერას ყველა პლატფორმაზე გრძნობს, თუმცა, მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციის არსებობაა საჭირო.

“შერეული სურათია. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას. ეს ძალიან კარგად ჩანს ყველა შეხვედრაზე. ცოტა ხნის წინ საქართველოში კონგრესის დელეგაცია იყო ჩამოსული. კონტაქტი და ვიზიტები გვქონდა ევროპის კავშირთან. ევროკავშირის პრეზიდენტი, შარლ მიშელი გასულ წელს ორჯერ იყო საქართველოში. ასე რომ, საქართველოს აქვს მხარდაჭერა და ახლა, ჩვენ დაჩქარებული ინტეგრაციის გზას ვადგავართ. ამავდროულად, ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, როცა საქართველოზე ყველას უფრო მკაფიოდ გამოხატული პოზიცია უნდა ჰქონდეს, რადგან მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვართ “ფრონტის ხაზზე”, რუსეთთან ახლოს მყოფი ქვეყანა, რომელსაც არც ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემა იცავს და არც NATO-ს უსაფრთხოების გარანტიები აქვს. ასე რომ, ჩვენ ეს უფრო მოწყვლადს გვხდის ორივე სცენართან მიმართებაში. პირველი – ან რუსეთი მოიგებს და უფრო ამბიციური გახდება, ან მეორე ვარიანტი, წააგებს, ანაც ისეთ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, როგორსაც ისურვებდა და ამის კომპენსირებას შეეცდება. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ამ სცენარებით განვითარდება მოვლენები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ხშირად უნდა ვიყოთ მოხსენიებული [საერთაშორისო დონეზე]. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი და ფოკუსი არის და უნდა იყოს კიდევ კიდეც უკრაინაზე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არ ვეჯიბრებით, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ საქართველო მიივიწყონ, რადგან შესაძლოა, ეს ძალიან არასწორი გზავნილი იყოს მოსკოვისთვის”, – ამბობს ზურაბიშვილი.

 

იტვირთბა....