ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ხარკოვში დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის ბავშვი – მედია

დღის განმავლობაში ხარკოვის რეგიონი არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 66-ჯერ დაიბომბა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, ხარკოვის რეგიონის მედიკოსები უზრუნველყოფენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და იბრძვიან დაჭრილების სიცოცხლისთვის.

„დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა მიიტანეს დაახლოებით 66 დარტყმა არტილერიიდან, ნაღმტყორცნებიდან. დაზარალდნენ სალტოვკა, პიატიხატკი, ხოლოდნაია გორა, პესოჩინი, ზოლოჩევი, ბალაქლეია, დერგაჩი. მაშველებმა სახლებში, საწყობებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში ხანძარი ჩააქრეს. რუსების დაბომბვის შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები – არის 11 დაღუპული, მათ შორის – 7 წლის ბავშვი, 14 დაიჭრა”, – განაცხადა სინეგუბოვმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....