უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება.
“რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან, ეს არის სერიოზული თავისი ბუნებით და სერიოზულად უნდა მივუდგეთ კიდეც. ამასთანავე, მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება, არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით. რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს ვითარება”, – აცხადებს ჰარცელი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით.
ცნობისთვის, უკრაინულმა დაზვერვამ რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქცირებული კონტრაბანდის შეტანაზე შეუთანხმდა.
შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინის დაზვერვას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სათანადო მტკიცებულებები არ იქნება, ჩაითვლება, რომ უკრაინამ დეზინფორმაცია გაავრცელა.