ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან” – გენშტაბი

ოკუპანტები უკრაინის აღმოსავლეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ოკუპანტები ძალების კონცენტრაციას და გადაჯგუფებას სწორედ უკრაინის ამ ნაწილში ახდენენ.

“მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარება. მტერი ცდილობს გააუმჯობესოს ქვედანაყოფების პოზიციები ტაურიდისა და იუჟნობუგსკის ოპერაციულ რაიონებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე აღნიშნულია, რომ პოლესიიდან და სივერშჩინადან გაყვანილი ქვედანაყოფების გადაადგილება ახალ საოპერაციო რაიონებში გრძელდება. უკრაინის ტერიტორიიდან ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების გადანაწილება დასრულდა.

განსაზღვრული ქვედანაყოფები, საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის დასრულების შემდეგ, გადაინაცვლებენ ვალუიკის დასახლების რაიონში და შედიან ჯარების შეტევითი დაჯგუფებების შემადგენლობაში.

გარდა ამისა, აღინიშნება იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კოლონების მოძრაობა ბელორუსის ტერიტორიაზე გომელის, ელსკის და მოზირის სარკინიგზო სადგურების მიმართულებით სარკინიგზო ეშელონებზე ჩასატვირთად.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი გადატანილია ბელორუსის რესპუბლიკის აეროდრომებიდან რუსეთის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ტექსტში.

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკადას, მუდმივი საარტილერიო დაბომბვით აგრძელებენ საცხოვრებელი უბნების და ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურებას.

“სლავიანსკის მიმართულებით მტერი ცდილობს განაახლოს შეტევითი ოპერაციები. ბარვენკოვოს მიმართულებით მას აქვს ნაწილობრივი წარმატება, დაწინაურდა 7 კმ, აიღო კონტროლი ბრაჟკოვკას დასახლებაზე. ასევე, 1-ლი სატანკო პოლკის ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ძალებით, იგი დაწინაურდა სულიგოვკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია“, – განაცხადა გენერალმა. 

ცნობისთვის, თეთრის სახლის წარმომადგენელმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გეგმებს ცვლის და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება.

იტვირთბა....