ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთი ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება” – თეთრი სახლი

რუსეთი უკრაინაში გეგმებს ცვლის და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეიძლება რამდენიმე თვე ან მეტი გაგრძელდეს.

სალივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა ძალების კონცენტრირებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ახდენს და ემზადება უკრაინის ჯარებზე თავდასხმისთვის. ალბათ, დამპყრობლები გააგრძელებენ ნიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე თავდასხმას.

აშშ პროგნოზირებს, რომ რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ფართო საზღვრების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, რათა „დაიფაროს“ წინა სამხედრო წარუმატებლობა.

ოფიციალური პირის თქმით, რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასში გადანაწილდებიან. სავარაუდოდ, ოკუპანტები იქ დამატებით ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს განათავსებენ, რაც ათიათასობით ჯარისკაცს ნიშნავს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....