რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა და მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ანატოლი ჩუბაისი რუსეთის ფედერაციიდანაც გაემგზავრა.
ტექსტში ნათქვამია, რომ მისი გადადგომა და გამგზავრება პუტინის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მიმართ შეხედულებას უკავშირდება.
“ჩუბაისის რამდენიმე ახლობელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინის მრჩეველი ამჟამად სტამბულში იმყოფება”, – წერს Bloomberg.
როგორც სააგენტო იხსენებს, ჩუბაისი ცნობილია როგორც „პრივატიზაციის არქიტექტორი“ და ვლადიმერ პუტინის კურსის მხარდამჭერი.
1990-იანი წლების დასაწყისში ჩუბაისი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ქონების კომიტეტს და აკონტროლებდა პრივატიზაციის პროცესს რუსეთში. 1994 წელს ჩუბაისი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ, 1998 წლიდან 2008 წლამდე ხელმძღვანელობდა ენერგეტიკულ კომპანიას RAO EES.
ასევე ცნობილია, რომ გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა იგი მდგრადი განვითარების საკითხებში ელჩად დანიშნა.
“უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ პუტინმა რუსეთის მთავრობა მკაცრად გააფრთხილა, რომ გაასუფთავებდა რუსეთს იმ „ნაძირლებისა და მოღალატეებისგან“, რომლებსაც დასავლეთთან ფარულ თანამშრომლობაში შეამჩნევდნენ”, – ვკითხულობთ სტატიაში.
“ნებისმიერ ხალხს, განსაკუთრებით კი რუს ხალხს, ყოველთვის შეეძლება გაარჩიოს პატრიოტები ნაძირლებისა და მოღალატეებისგან და გამოფურთხონ ისინი..დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ეს ბუნებრივი და აუცილებელი თვითწმენდა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სოლიდარობას, თანმიმდევრულობას და მზადყოფნას ნებისმიერი გამოწვევისთვის”, – აცხადებდა პუტინი.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაუჩინარდა.