ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკი იაპონიის პარლამენტს: დააწესეთ ემბარგო რუსეთთან ვაჭრობაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა. მან ქვეყანას მადლობა გადაუხადა აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის და ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

“თქვენი სახელმწიფოს მადლობელი ვარ ამ ისტორიულ მომენტში დაფიქსირებული პრინციპული პოზიციისთვის და უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც რეალურად დაიწყო რუსეთზე წნეხის განხორციელება მშვიდობის აღსადგენად, ვინც მხარი დაუჭირა სანქციებს და მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ამის კეთება. მოგიწოდებთ აზიის ქვეყნებს, თქვენს პარტნიორებს, გააერთიანოთ ძალისხმევა სიტუაციის სტაბილიზებისთვის. რომ რუსეთმა დაიწყოს მშვიდობის ძეიბა და შეაჩეროს უკრაინაში თავისი სასტიკი შეჭრის ცუნამი. საჭიროა რუსეთთან ვაჭრობაზე ემბარგოს დაწესება, საჭიროა რუსული ბაზრიდან კომპანიების გაყვანა, რომ ფული რუსულ ჯარში არ წავიდეს, საჭიროა მეტი დახმარება ჩვენი სახელმწიფოსადმი, ჩვენი მცველებისადმი, რომლებიც რუს ჯარისკაცებს აკავებენ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების ახალი გარანტიების შემუშავება.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვოლოდიმერ ზელენსკი სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზებს სიტყვით მიმართავს. იაპონიის პარლამენტამდე, მან მიმართა იტალიის საკანონმდებლო ორგანოს, ისრაელის ქნესეთს, აშშ-ს კონგრესს, გერმანიის ბუნდესტაგს და გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას.

იტვირთბა....