დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა კორონაცირუსის ახალი ვარიანტის, “დელტაკრონის” მიმდინარეობაზე, რომლის ათობით შემთხვევაც უკვე გამოვლენილია მსოფლიოს ქვეყნებში.
გამყრელიძის თქმით, ეს არის კორონავირუსის დელტა და ომიკრონ შტამების ჰიბრიდი, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, გავრცელებითაც და კლინიკური მიმდინარეობითაც უფრო მეტად ომიკრონისკენ იხრება.
“მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში უკვე დაიწყო ცირკულირება ახალმა ჰიბრიდულმა შტამმა, რომელსაც ეძახიან დელტაკრონს და ჯერჯერობით არის ათეული შემთხვევები, მაგრამ შესაძლებელია, ეს გავრცელდეს. წინასწარი მონაცემები ამ შტამისა გახლავთ ის, რომ კი, მას აქვს წამოღებელი გარკვეული გენეტიკური ინფორმაცია დეტლასი და ასევე ომიკრონის, მაგრამ სჭარბობს ომიკრონის თვისებები და ისიც სწრაფად ვრცელდება. ჯერჯერობით, მისი კლინიკური მიმდინაროებაც არის უფრო ომიკრონისკენ, ვიდრე დელტასკენ, თუმცა, ეს მხოლოდ წინასწარი შედეგებია”, – ამბობს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, მისი პირადი რჩევაა, უპირბადოდ სიარულს გარეთაც მოვერიდოთ.
“შეგიძლიათ მოიხსნათ გარე სივრცეებში, არავინ არ დაგაჯარიმებთ, მაგრამ ჩემი პირადი რჩევა გახლავთ, რომ იქ, სადაც იკრიბება ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, 5-10 და ასე შემდეგ, საუბრობთ მეგობრები, სასურელია, რომ გაიკეთოთ პერიოდულად პირბადე. ჩემი საექიმო რჩევა იქნება, რომ ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ, რამეთუ ომიკრონი და ზოგადად კორონავირუსი საკმაოდ ვერაგი აღმოჩნდა, ისეთ სიურპრიზებს გვიმზადებს, რომელთა წინასწარ განჭვრეტაც არ არის ადვილი”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაუქმდა ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა.