ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ოცნება: რა ხდება გარდაბნის არჩევნებთან დაკავშირებით

“ეს ქართული ოცნების ოცნებაა”- ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“  გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს აქტიურად განიხილავს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიერ სრულიად ალოგიკურ დროს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გარდაბნის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. განცხადებაში ნათლად იკითხება მისი რეალური მიზანი, ხელოვნური ახსნა მოუმზადოს ნაციონალური მოძრაობის მიერ კანდიდატის მოხსნას. კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოება, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას. გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად „ქართული ოცნების” რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს”, – წერია განცხადებაში.

„მეტრონომი“ “ნაცმოძრაობის” წევრს  სერგო რატიანს დაუკავშირდა, რომ გაერკვია თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული განცხადება სიმართლეს, რაზეც რატიანმა გვიპასუხა, რომ ეს სიცრუე და „ქართული ოცნების“ ოცნებაა.

„ვერ გადაეჩვივნენ ეს ადამიანები ოცნებას. მესმის, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან არჩევნების საკითხში და ამაზე იოცნებეს. სრულიად ცხადია, რომ კამპანიის შუაში ამას არავინ გააკეთებდა, არც ვაპირებდით ამის გაკეთებას. ამიტომ, მესმის ახლა და განსაკუთრებით ცხადი ხდება კონტექსტი. ჩვენ ამ ამბავს ბოლომდე მივიყვანთ და არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოვხსნათ კანდიდატი არ არის, იმიტომ, რომ ცხადია ამ არჩევნებს არანაირი კავშირი არ აქვს საპარამენტო არჩევნებთან და იმ კანონთან. ახლა ზუსტად ბათუმიდან მოვდივარ, სადაც პარალელურ რეჟიმში განხილვები ტარდებოდა საკონსტიტუციო კომისიის. ის სხვა საკითხია, იმაზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ახლა რომ გარდაბნის არჩევნები 2017 წლამდე გამოვტოვოთ, არ არის მიზანშეწოლილი“ – განაცხადა რატიანმა.

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა გარდაბანში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ მუღანლოში პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აშინებენ და ემუქრებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან. მან სამართალდამცველებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

“მოგეხსენებათ, რომ 28 იანვარს, გარდაბანში, გამგებლის არჩევნებია და დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, “ქართული ოცნება” ამომრჩევლის გულის მოგებას არა საქმის კეთებითა და პრობლემების გადაჭრით ცდილობს, არამედ მოქალაქეების აქტივობის შეფერხებით. ჩვენ გვაქვს ამის კონკრეტული მაგალითი, “ქართული ოცნების” სახელით ადგილობრივებს ემუქრებიან, რათა ამ ადამიანებს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, მუშაობაში ხელი შეუშალონ. მინდა, ყველა გავაფრთხილო და სამართალდამცავ უწყებებს მკაცრად მოვუწოდო, რომ გამოიძიონ ეს საქმე. მინდა, ყველას შევახსენო და მკაცრად გავაფრთხილო, 2016 წელს, “ქართული ოცნება” საქართველოს ხელისუფლებას დატოვებს”, – ამბობს მინაშვილი.

როგორც სერგო რატიანმა „მეტრონომს“ განუცხადა, ასეთი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა.

„მეორე შემთხვევაა, ჩვენ მეორედ გავავრცელეთ ეს განცხადება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული ადამიანები დადიოდნენ ჩვენს მხარდამჭერებთან და ემუქრებოდნენ. ახლაც ჩვენ დავასახელეთ კონკრეტული პირი, რომელიც ზეწოლას ახორციელებდა ახალგაზრდებზე“ – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს დაინიშნა.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გასულ თვეს, გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....