“უნგრეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, შესაძლოა, ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს” – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია ტისას ლიდერმა, პიტერ მაგიარმა Associated Press News-თან ინტერვიუში განაცხადა
მან აღნიშნა, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში უნგრეთის ადგილის შესახებ. მაგიარის თქმით, ორბანმა ბოლო წლებში ქვეყანა 180 გრადუსით შემოატრიალა, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მოსკოვს დაუახლოვდა.
„უნგრელები მიიჩნევენ, რომ ჩვენი მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია ევროკავშირისა და NATO-ს წევრობით. ვფიქრობ, ეს მართლაც იქნება რეფერენდუმი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის ადგილის შესახებ… ფიდესის ამომრჩევლებსაც კი არ სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა, ევროპული ოჯახის ნაცვლად რუსეთის მარიონეტული სახელმწიფო, კოლონია იყოს“ – განაცხადა მაგიარმა, რომელმაც გამოთქვა რწმენა, რომ მისი პოლიტიკური ძალა არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს.

