“ევროპამ უნდა გაიღვიძოს”, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ბომბები დაუშინეს.
ზელენსკის თქმით, რუსეთს ჩერნობილის კატასტროფის განმეორება სურს, თუმცა, მისივე თქმით, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, შედეგი გაცილებით მასშტაბური იქნება.
“მივმართავ ყველა უკრაინელს, ყველა ევროპელს, ხალხს, რომლებმაც იციან სიტყვა “ჩერნობილის” მნიშვნელობა. მათ, ვინც იცის, რამდენი სიმწარე და მსხვერპლი მოჰყვა ატომურ სადგურზე აფეთქებას. ეს იყო გლობალური კატასტროფა. მის შედეგებთან გამკლავება ასიათასობით ადამიანს მოუხდა. რუსეთს ამის განმეორება სურს – ის ამას უკვე იმეორებს. იქ ექვსი ენერგობლოკია, ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა”, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კატასტროფის თავიდან აცილება ევროპის სწრაფ მოქმედებებს შეუძლია.
“უკრაინაში 15 ატომური ბლოკია. თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული. ევროპის დასასრული. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივ მოქმედებას შეუძლია შეაჩეროს რუსული ჯარები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტების მიერ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად, გამთენიისას ერთ-ერთ ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა, რომლის ლიკვიდირებაც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს.