კახა ცხადაძემ თანამდებობა არ დატოვა. ცხადაძე ამბობს, რომ მის შემცვლელს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ლობირებს.
“იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემს მიმართ და იმ კანდიდატის მიმართ ვინც უნდა შემცვალოს,” – აცხადებს კახა ცხადაძე. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვრცლად ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან გამართულ შეხვედრებზე. ბრიფინგზე ცხადაძემ განაცხადა, რომ გადადგომას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, ვრცელებოდა ინფორმაცია თითქოს ცხადაძე თანამდებობიდან გადადგომას გეგმავდა. კახა ცხადაძესა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის გუშინ შეხვედრაც გაიმართა.
უთანხმოების მთავარ მიზეზად სახელფასო სისტემა იქცა, რომელიც ახალმა ხელმძღვანელობამ შემოიტანა, საუბარია ბონუს-სისტემაზე, რომლის დანერგვაც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სურს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი თანახმაა, რომ საკუთარი ხელფასიდან 25% მოიკლოს, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ცხადაძესა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის ვერ შედგა.
“მე ჩემი კომენტარი ხელფასის დაკლებასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთე. ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, დანარჩენი ფედერაციამ უნდა გააკეთოს. შეუძლია გამიშვას, მერე კი მე გავაკეთებ განცხადებას. ყველაფრის უფლება აქვთ, მაგრამ მერე ეს ცალკე სალაპარაკო თემა გახდება. ეგრე გაუშვი, უპატრონო კი არ ვარ. კონტრაქტი მაქვს, ვალდებულებებია, მილიონი რაღაცაა. მე ჩემი ცხოვრება ორწელიწადნახევრით დაგეგმილი მაქვს, ნაკრებში მუშაობის გეგმა მაქვს”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა ცხადაძემ.
„მეტრონომი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტორს ესაუბრა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის სოფო ჩაკვეტაძის თმით, მინისტრი საქართველოში არ იმყოფება და რომ ჩამოვა სავარაუდოდ მაშინ გააკეთებს კომენტარს.