“ის არ არის საქართველოს პრემიერი – [ღარიბაშვილი] არის ბიძინა ივანიშვილის მორჩილი კლერკი”, – ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ მეტრონომთან ინტერვიუში განაცხადა.
ბუღაძის თქმით, ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა ივანიშვილის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშრებული საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენა და არა ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
“ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო იყო, ე.წ. პრემიერი, რომელიც ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ მიუნხენში თავისი პატრონის ბიზნესის საკითხების მოგვარებისთვის იყო ჩასული და არა საქართველოს ინტერესების დასაცავად, რადგან ის არ არის საქართველოს პრემიერი – ის არის ბიძინა ივანიშვილის მორჩილი კლერკი”, – ამბობს ბუღაძე.
ლაშა ბუღაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნაზეც ისაუბრა.
“ის ოლიგარქია, რაც ნიშნავს საკმაოდ სამწუხარო რაღაცას, რაც პოლიტიკას ადუნებს, აბეჩავებს და უფუნქციოს ხდის. ძალიან მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს, ფარულად მართავს ხელისუფლებას და ამას აკეთებს მისი და არა საქართველოს ინტერესების შესაბამისად. ივანიშვილის შეფასება მოხდება ისტორიულად, მას შემდეგ, რაც ის შეეშვება ხელისუფლების გავლენის ბერკეტებს. ის ჯერ მოქმედია. რომ არ ჩანს და უჩინარია, იმას არ ნიშნავს, რომ ის არ მოქმედებს. ივანიშვილი როდესაც წააგებს არჩევნებში და დამარცხდება, ისტორია მას შეაფასებს პოზიტიურადაც და ნეგატიურადაც”, – ამბობს ბუღაძე.