დღეს, განახლებული კოვიდსტატისტიკა გამოქვეყნდა stopcov.ge-ზე, რომელზეც მითითებულია, რომ ბოლო 24 საათში ვირუსის 4 028 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ეს რიცხვი ინფიცირების რეალურ მაჩვენებელს არ ასახავს და ტექნიკური სამუშაოების გამო, ვებ-გვერდზე სრული მონაცემები არ ატვირთულა.
“დღეს არის 4 000 შემთხვევა და სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. ეს ინფიცირების ციფრი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% . რეალურად, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც“,- აცხადებს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ პიკის პერიოდში იმყოფება.
“პიკის პერიოდში ვართ და ამ პიკის გადავლის ეტაპი მაინც ვფიქრობთ, ამ კვირაში უნდა დაიწყოს”, – აღნიშნავს ინფექციონისტი.