რუსეთის “ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიაში” უარყოფენ ინფორმაციას, რომ მათი ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარშემომყოფებს ვეღარ ცნობს. როგორც РИА Новости წერს, მედიაში მსგავსი ცნობები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა.
“კატეგორიულად უარვყოფთ ანონიმური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას”, – აცხადებენ პარტიის პრეს-ცენტრში.
ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაცია გადაჭარბებული და “სენსაციის ეფექტზე ორიენტირებული იყო”.
“ის ყოველდღიურად ეცნობა პრესას, ტელეფონით მითითებებს იძლევა და მალე დაუბრუნდება სრულფასოვან მუშაობას”, – აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, ვლადიმერ ჟირინოვსკის 2 თებერვალს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, რაც მოგვიანებით გახდა ცნობილი. როგორც რუსული მედია წერდა, ის საავადმყოფოში ჯანრმთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ გადაიყვანეს.