ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან კონფლიქტის შედეგად საავადმყოფოებში 213 დაშავებული გადაიყვანეს.
საავადმყოფოებში მყოფთაგან ოთხის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 196-ის – დამაკმაყოფილებელი. ამასთან, 13 ადამიანი შფოთვის გამო მკურნალობდა. ისრაელის ჯანდაცვის უწყება დაზიანებების მიზეზებს არ აკონკრეტებს.
როგორც ისრაელის მედია წერს, ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა, თავშესაფრისკენ გადაადგილების დროს დაშავდა და არა ირანიდან ან ლიბანიდან რაკეტების გაშვების პირდაპირი ზემოქმედებით.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 2 975 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 85 ამჟამად საავადმყოფოშია. ეს რიცხვი მოიცავს როგორც მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე ჯარისკაცებს, ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმების შედეგად სულ 13 დაჭრილის შესახებ განაცხადეს. ჰოსპიტალიზებული პირებიდან ცხრა მძიმე მდგომარეობაშია, ათი – საშუალო სიმძიმის, ხოლო 64 – დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

