საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო მხატვრის, გივი თოიძის გარდაცვალების გამო.
გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“ და „ნარიყალა“.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი) და პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). აღსანიშნავია, რომ გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.
მისი მრავალწლიანი ღვაწლი ღირსების ორდენით აღინიშნა. 1981 წელს გივი თოიძეს, ერთ-ერთ პირველს მხატვართა შორის, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იგი სრულიად დამსახურებულად ატარებდა საქართველოს სახალხო მხატვრისა და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებებს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონი გივის დამსახურებას ქართული მხატვრობის განვითარებაში და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.