ახალი ამბები პოლიტიკა

ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი – ხაბეიშვილი მელიას ფარულ ჩანაწერზე

სააკაშვილს ნიკა მელიას მიმართ გულისწყრომა არამგონია ჰქონდეს, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის”  წევრი, ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, რომელშიც მელია აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნება არ უნდოდა.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, მელიას სააკაშვილის დაბრუნება არ სურდა, რადგან წინასწარ იცოდა რა ელოდა საქართველოში ყოფილ პრეზიდენტს.

“ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ჰგავს. ის ფაქტი, რომ ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არ უნდოდა, ნიშნავს მხოლოდ შემდეგს, რომ მან იცოდა რა ელოდებოდა პრეზიდენტს, ეს იყო მისი თავისუფლების აღკვეთა, რაც პრინციპში სააკაშვილმაც იცოდა და შეგნებულად წავიდა ამაზე. მას ევროპელი დიპლომატები აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში რუსული რეჟიმი ეცდებოდა მის დაკავებას.

მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს არანაირი გულისწყრომა არ ექნება მელიას მიმართ და არც მიაქცევდა ყურადღებას ამ ჩანაწერების გავრცელებას”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, გუშინწინ ღამით  “ტვ იმედის” ეთერში გავიდა ნიკა მელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ენმ-ის წევრი აცხადებს, რომ მას სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება კატეგორიულად არ სურდა.

იტვირთბა....