ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართველი მებრძოლი უკრაინაში: ვემზადებით, რომ დავიცვათ უკრაინის და საქართველოს მშვიდობა

ტელეკომპანია “ფორმულამ” ქართველი ჯარისკაცები ჩაწერა, რომლებიც უკრაინაში მსახურობენ და რუსეთის მხრიდან ქვეყანაში შეჭრის მომატებული საფთხის გამო, საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან.

“ორი წელია, რაც აქ ვმსახურობ. მოტივაცია ძალიან დიდია. მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან ჩვენს გვერდში დგანან, რა თქმა უნდა, (საქართველოს) მთავრობა არ გვიდგას მხარში და არც განცხადებებს აკეთებს, რომ უკრაინას დაუდგეს გვერდით, მაგრამ არიან მეგობრები, ადამიანები, ოჯახის წევრები, რომლებიც ყოველდღიურად გვაძლიერებენ და გვაძლევენ მოტივაციას. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც საჭირო იქნება. ყველზე მეტად, რაც მომწონს უკრაინელების, სადაც არ უნდა გაიარო, თუნდაც ქუჩაში, ყველა ადამიანს აქვს მოტივაცია – რითიც შევძლებთ, ყველაფრით დაგემარებით, რითიც შევძლებთ, იმით ვიომებთო, გვეუბნებიან. მომწონს მათი შემართება და პატრიოტიზმი და ეს მოტივაციას გვაძლევს ჩვენც“ – ამბობს რუსკა ივანეიშვილი.

კიდევ ერთი ქართველი სამხედროს, გელა ბეგლარაშვილის თქმით, აქტიურად ემზადებიან ყველაზე ცუდი სცენარისთვის და რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ უკრაინის და საქართველოს მშვიდობისთვის.

“მზადება არის ძალიან დიდი. პირდაპირი მნიშვნელობით ვემზადებით იერიშის მოგერიებისთვის. ძალიან დიდი ძალის შემოტევას ველოდებით, მაგრამ ეს არის 50-50-ზე, ზუსტად არ ვიცით, შეიძლება, მანიპულირებს რუსეთი და ახდენს ძალის დემონსტრირებას, მაგრამ შესაძლებელია, რომ პირდაპირი შემოტევაც გააკეთოს, არ არის გამორიცხული ასეთი ფაქტი. მიმდინარეობს აქტიური წვრთნა, აქტიური სწავლებები, ვცვლით აზრებს ერთმანეთში, ვაუმჯობესებთ და ვემზადებით ხვალინდელი უკიდურებისთვის, რათა დავიცვათ უკრაინის და საქართველოს მშვიდობა. ახლა თუ არ შევაჩერეთ მტერი, ყოველთვის ვიქნებით ტერორში, შიშში და ჩაგვრაში. მთავარი პრინციპი რაც უნდა იყოს, არის მთავრობა, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნის სახე და მოტივაცია. ძალიან მოულოდნელი მხარდაჭერა მიიღო უკრაინამ ალიანსის (ნატო) მეგობარი წევრებისგან, რომლებიც ძალიან დიდ რესურს დაუზოგავად აწვდიან უკრაინას, იმისთვის რომ არ დაიკარგოს უკრაინა და არ დაეკარგოს უკრაინას მშვიდობა. ამ ყველარის ფონზე მოტივაციაც იზრდება”, – ამბობს გელა ბეგლარაშვილი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაძლიერებული საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის საზღვართან რუსი სამხედროების და ტექნიკის მობილიზება დაიწყო ე.წ. სამხედრო წვრთნის მოტივით.

 

იტვირთბა....