ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი დევნილებზე: ოცნებას მილიარდები დავუტოვეთ, შეჭამეს და ეხლა სრულ გულგრილობას და გულქვაობას იჩენენ

ოცნებას მილიარდები დავუტოვეთ, შეჭამეს და ეხლა სრულ გულგრილობას და გულქვაობას იჩენენ, – აღნიშნული ფრაზით, მიხეილ სააკაშვილი დევნილების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შედარება არასწორია, რადგან ენმ-ს ხელისუფლებაში მოსვლისას ცარიელი ბიუჯეტი დახვდა, მოქმედ ხელისუფლებას კი რამდენიმე მილიარდი ლარი.

“კიდევ ერთხელ დევნილებზე – ახლა ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილის 9 წელიწადში იმდენ დევნილს მისცეს საცხოვრებელი, რამდენსაც ჩვენ 8 წელიწადში. ამიტომ, დიდი განსხვავება არ არისო.

ეს ძალიან არასწორი შედარებაა. ჩვენ დაგვხვდა ცარიელი ბიუჯეტი და დევნილების მასშტაბური განსახლება მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით.

ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო. ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ნამდვილად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ამ სფეროში ჩვენი მუშაობით. თუმცა, ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ. ამათ შეჭამეს ჩვენი დატოვებული ფული და რაც მთავარია, იჩენენ სრულ გულგრილობას და გულქვაობას.

პრეზიდენტობის დროს მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აფხაზეთიდან დევნილები ავარიული შენობებიდან გასახლებას და ახალ ბინებს ითხოვდნენ, მათ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

დევნილის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2022 წელს ყველა დევნილი ბინებით დაკმაყოფილდება.

იტვირთბა....