ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ბერსემ განცხადებაში დაწერა.

როგორც ბერსეს განცხადებაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბარი მასსა და კობახიძეს შორის 3 თებერვალს შედგა, რა დროსაც პრემიერმა განაცხადა, რომ “შეცვლილი გარემოებების გამო მის ხელისუფლებას” აღარ სურდა საერთო სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ან ცვლილებების შეტანა “უცხოური გამჭვირვალობის” კანონში.

ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფი რუსულ კანონთან დაკავშირებით, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა შექმნილიყო. ბერსემ 2024 წლის 20 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ “ქართული ოცნებისგან” მიიღო დაპირება – სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით და იმ ცვლილებების იდენტიფიცირება მოხდება, რომლებიც უნდა შეიცვალოს კანონში.

ბერსეს დღევანდელი განცხადების მიხედვით, მან ირაკლი კობახიძეს შესაბამისი წერილით 20 იანვარს მიმართა, თუმცა მიმართვა პასუხის გარეშე დარჩა.

“გენერალურმა მდივანმა დიდი სინანულით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება. მან ასევე გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ. ახლა ამოცანაა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა. საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.

ევროპის საბჭოს როლი არის ენერგიულად დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. ამ მიზნით, გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს რამდენიმე ორგანო ეწვია საქართველოში, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, წამების პრევენციის კომიტეტი (CPT), ადამიანის უფლებათა კომისარი და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი”, – ნათქვამია ბერსეს განცხადებაში.

იტვირთბა....