არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტმა ანა აბაშიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” კამპანია, სახელწოდებით “დავიცვათ ბავშვები ექსპლუატაციისგან” დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა საქართველოში მრავალი წელია არსებობს, სახელმწიფოს მხრიდან ამის გადაწყვეტის ეფექტური გზები ვერ მოიძებნა.
“მეტრონომი” ამ თემასთან დაკავშირებით ანა აბაშიძეს დაუკავშირდა, რომელიც სოციალურ ქსელში წამოწყებული კამპანიის მიზნებზე დეტალურად გვესაუბრა.
“არასამთავრობო ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა, კონკრეტულმა პირებმა, რომლებსაც ეს თემა გვაწუხებს და ამაზე ვმუშობთ, გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი ძალებით კამპანია სწორედ იმ მიზნით დავიწყოთ, რომ სახელმწიფო ვაიძულოთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემით დაინტერესდნენ, ამ მოვლენას სწორი სახელი დაარქვან და პრობლემის მიმნიმალიზების მიმართულებით კონკრეტული ეფექტური ღონისძიებები დაიწყონ.
ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგიული მოქმედება სწორედ “ფეისბუქის” კამპანიის წამოწყებაა, რომელიც მოქალაქეების მხრიდან ყველა მოცემული ფაქტის ფოტომასალით დაფიქსირებას გულისხმობს.
ფეისბუქის მომხმარებელმა უნდა მიუთითოს ის კონკრეტული მისამართი, სადაც ეს ფაქტი ხდება, ატვირთოს ფეისბუქ გვერდზე ფოტო ჰაშთაგით – #დავიცვათბავშვებიექსპლუატაციისგან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოინიშნონ ორი მთავარი უწყება – შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლებიც ამ პრობლემის მთავარი ადრესატები არიან. ამავდროულად, ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ყველა ამ შემთხვევაზე მათ შეტყობინება ცხელ ხაზზე დატოვონ”- აღნიშნა ანა აბაშიძემ.
როგორც ანა ამბობს, ამ კამპანიის წამოწყების პირველი მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ასეთ ბავშვებთან მიმართებაში სტატისტიკა არ გააყალბოს და მეორე – ყველა მოქალაქემ ამ ბავშვების წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს და ის გააკეთოს, რაც ევალება – დაიცვას ბავშვები ექსპლუატაციისგან.
“რატომ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ? პირველი: გვინდა იმიტომ, რომ სახელმწიფო აყალბებს სტატისტიკას ამ ბავშვებთან მიმართებაში და ამბობს, რომ ქუჩაში 500-მდე ბავშვი ცხოვრობს და მუშაობს. მაშინ, როდესაც 2008 წლის მონაცემებით ქუჩაში 2000-ამდე ბავშვი იყო. შეუძლებელია სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე მათი რაოდენობა შემცირებულიყო. ჩვენ ამ სტატისტიკას ჩვენი ძალებით გავაცოცხლებთ. მეორე: მოქალაქეებმა ვიგრძნოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ბავშვების წინაშე და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვევალება. ეს აქცია ჩვენი პროტესტის ერთ-ერთი ფორმაა და არა ერთადერთი. დაგეგმილია მრავალი სხვა აქტივობა, რომელსაც აუცილებლად გავაგრძელებთ და განვახორციელებთ მანამ, სანამ სახელმწიფო ამ პრობლემის ირგვლივ არსებულ ყინულს არ დაძრავს”-აღნიშნა აბაშიძემ.
ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს – შესაბამისი კანონპროექტი დღეს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
“ჩვენი ყველას – სახელმწიფოს და საზოგადოების ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. პირველი ცვლილების მიხედვით საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – “მიუსაფარი ბავშვი”, ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. მაგალითად, დღეს თქვენ იცით, რომ ამგვარი ბავშვები ვერ იღებენ საბუთებს, ვერ ხდება მათი იდენტიფიკაცია თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ და არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დაბადებულნი, იმიტომ რომ მათ იდენტიფიცკაციაზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ და რეალურად ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროსადმი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, კანონპროექტის მიხედვით ფართოვდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილებაც.
“სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულვებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის სახით დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორი ინსტანციის წინაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მყისიერად და განცალკევება მოხდება მაშინვე. ჩვენ გვინდა, რომ სოციალური სამუშაო განვითარდეს საქართველოში და ის უკეთესად მოემსახუროს ქუჩაში მყოფი ბავშვის უფლებებს, რომელთა საბოლოო მომავალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტის ანა აბაშიძის თქმით, სოციალური მუშაკის თემა სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ბავშვის მოძალადე მშობლისგან განცალკევაბის უფლება მას აქამდეც ჰქონდა.
“თუმცა შემდეგი რამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კანონპროექტებს, რომლებიც მომზადდება აუცილებლად შევხედავთ ამ თვალით: პირველი ისაა, თუ რა სათაურს არქმევს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემას. დიდი ხანია გვესმის, რომ თურმე ქუჩაში ბავშვები იმის გამო გადიან, რომ მათ უჭირთ, საჭმელი არ აქვთ და ა.შ. ანუ პრობლემის განხილვა სოციალურ ჭრილში ხდება, რაც არასწორია. არცერთ შემთხვევაში ეს სოციალური პრობლემა არ არის. ამ შემთხვევების 97% ბავშვთა მიერ ძალადობაა და ეს უფროსების მხრიდან ორგანიზებული დანაშაულია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მშობლები და სხვა მესამე პირები ბავშვებს ორგანიზებულად აგზავნიან ქუჩაში მხოლოდ იმის გამო, რომ ამით ბიზნესი აწარმოონ – ბავშვები ავაჭრონ და შემოსავალი მათი გამოყენებით მიიღონ. ამას ტრეფიკინგი ჰქვია – თანამედროვე მონობა”- აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფომ ამ პრობლემას სწორი სახელი უნდა დაარქვას და დანაშაული სოციალურ ჭრილში არ უნდა განიხილოს.
“მეორე საკითხი, რაც გვაინტერესებს არის ის, თუ რას გააკეთებს სახელმწიფო. მე მომისმენია იუსტიციის მინისტრის მოადგილის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ისუტიცია ბავშვებს ქუჩაში საჭმელს მიუტანს. თუ ამას აპირებენ, სამარცხვინოა. ბავშვები ქუჩაში – ეს ორგანიზებული დანაშაულია. ამას სამართალდამცავი უწყება ჯანდაცვის უწყებებთან ერთად უნდა ებრძოლოს და იუსტიციამ კი ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა შექმნას. თუ მას კანონპროექტი ინიცირებული აქვს, უნდა თქვას, რომ ამ შემთხვევათა უმეტესობაში ეჭვი არსებობს ორგანიზებულ დანაშაულზე, ტრეფიკინგზე. რეალურად, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომ შესაფერისი ღონისძიებები დაიგეგმოს და არა ისე, როგორც აქამდე იყო”- აღნიშნა ანა აბაშიძემ.