ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჯანდაცვა

“ჯიპიაი ჰოლდინგი” მინისტრს პასუხობს: სერგეენკო სადაზღვევო კომპანიას სანქციებით ემუქრება

როგორც მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კომპანია ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო ქცევაა. სერგეენკოს თქმით, თუ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ძალიან მძიმე სანქციები დაეკისრება და მასთან სახელმწიფო პარტნიორულ ურთიერთობას გაწყვეტს.

“ვანის საავადმყოფოსთან დაკავშირებით იქ სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ჩევნ რაც მოვახერხეთ რაღაც მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ ისიც იმიტომ, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და საკმაოდ რთული ქონებრივი დავებია. ჩვენ წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის ჯიპიაისთანაც სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა კონკრეტული ნაბიჯები და ეს ნაბიჯები გადადგმულია და შესრულებულია ჩვენი მხრიდან”.-განაცხადა სერგიენკომ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენელი დავით სერგეენკოს განცხადებაზე კომენტარს “კომერსანტთან” აკეთებს და ამბობს, რომ ვანის საავადმყოფოსთან მიმართებით ვალდებულებებს ვადებში შეასრულებს. როგორც სადაზღვევო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს, ვანში 9–საწოლიანი საავადმყოფოს რეაბილიტაციას „ჯიპიაი ჰოლდინგი” დათქმულ ვადაში დაასრულებს და იმაზე საუბარი, რომ თითქოს ვანის საავადმყოფოში არაფერი არ ხდება და კომპანია ვალდებულებას ვერ ასრულებს, არ არის სწორი.

„დეტალების დაზუსტება მიდიოდა, თუმცა, სამუშაოები არ შეფერხებულა. ვანის საავადმყოფოში სხვადასხვა სამუშაოები განხორციელებულია, შენობა არსებობს და თავიდან არ არის ასაშენებელი. ჩვენ დათქმულ ვადაში ამ ვალდებულებებს შევასრულებთ” – აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ჯიპიაი ჰოლდინგს” ჯამში 6 რაიონში (სამტრედია,ჭითურა, გარდაბანი, საგარეჯო, მარნეული, ვანი) კლინიკების და ამბულატორიების გაფართოება/რეაბილიტაციის ვალდებულება მას შემდეგ აქვს, რაც 2012 წელს სახელმწიფომ მაღალმთიან რეგიონებში არსებული სადაზღვევო კომპანიების კლინიკები გამოისყიდა. „უბრალოდ მაღალმთიან რაიონებში, სადაც კერძო კომპანიებისთვის კლინიკების ფლობა არარენტაბელურია, ის გადავეცით სახელმწიფოს და ამის სანაცვლოდ ჩვენს თავზე ავიღეთ 6 რეგიონში ზოგან ამბულატორიის რეაბილიტაცია, ზოგან კი გაფართოება,” -აცხადებს სტამბოლიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ვანის გარდა, სხვა დანარჩენ რეგიონებში სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება.

 

 

 

იტვირთბა....