თეირანზე მიტანილი იერიშის შედეგად ირანის დედაქალაქში შავი კვამლი შეინიშნებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედია ასევე წერს, რომ მანამდე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ „თეირანის გულში დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელეს“, რომელიც, მათი თქმით, „ირანის ტერორისტული რეჟიმის ათობით სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტის წინააღმდეგ იყო მიმართული“.
„როიტერის“ ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ირანის მხრიდანაც.
მედიის ცნობით, საჰაერო განგაში და თავდაცვის სისტემები ისრაელში რამდენჯერმე ამოქმედდა მას შემდეგ, რაც ირანმა ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის, თელ-ავივისკენაც რაკეტები გაუშვა.
„როიტერის“ ცნობით, ისრაელის სამაშველო ჯგუფებმა პეტაჰ ტიკვაში ირანიდან გაშვებული რაკეტის ჩაჭრის შედეგად ჩამოვარდნილი ნამსხვრევებით მიყენებული ზიანი შეამოწმეს. მათი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
გავრცელებული ცნობით, ირანმა ცენტრალური ისრაელის მიმართულებით ერთმანეთის მიყოლებით დაახლოებით 10 რაკეტა გაუშვა. ეს იმ დროს, როდესაც ებრაელები წლის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა დღესასწაულის, პასექის პირველი ღამის აღსანიშნავად ემზადებოდნენ. შესაბამისად, მედიის ცნობით, ისრაელის ზოგიერთ ოჯახს პასექის თავშესაფრებში აღნიშვნა მოუწია.

