საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანია მესტიაში არსებულ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების შესახებ აცხადებს, რომ რეგიონში უკანონო მაინერები უნდა შეჩერდეს და საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს.
მისივე თქმით, ფულის გადახდის გარეშე ენერგო-პროს ვერ მოვთხოვთ უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია მოსახლეობას.
„17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი 3 მუნიციპალიტეტის – ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს ელექტროენერგიის მოხმარებას. უნდა მოხდეს რეაგირება მაინინგების შეზღუდვის ნაწილში, რათა ობიექტებს, რომლებსაც სჭირდებათ ყველაზე მეტად ენერგია – ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს, საბაგიროებს, უწყვეტად მიეწოდოთ.
ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს. ფულის გადახდის გარეშე ენერგო-პროს ვერ მოვთხოვთ უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია მოსახლეობას“,- აცხადებს ნარმანია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ენერგო-პრო ჯორჯიამ მესტიაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობას სრულად იხსნის.
ამასთანავე, მესტიის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიას გრაფიკით მიაწვდიან, რისი მიზეზიც კრიპტოვალუტის მაინინგია.