საქართველოში შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა შემცირდეს, – აღნიშნულის შესახებ, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.
როგორც ის აცხადებს, ხსენებული პრაქტიკა აშშ-ში უკვე ამოქმედდა და სწორედ ამით იხელმძღვანელებენ საქართველოშიც.
საუბარია კარანტის 10 დღიანი ვადის 5 დღემდე შემცირებაზე.
ივანე ჩხაიძის თქმით, საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე უნდა გაიტანონ, მისი ჩატარების თარიღი კი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, ამერიკა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად მეცნიერულ მტკიცებულებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში ინფიცირების გადაცემა დაავადების საწყის ეტაპზე, სიმპტომების გამოვლენამდე 1-2 დღით ადრე და გამოვლენიდან 2-3 დღის განმავლობაში ხდება.
გარდა ამისა, იზოლაციის ვადები 10-დან 5 დღემდე მცირდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ვაქცინის ბუსტერ დოზაც აქვთ გაკეთებული შესაძლოა იზოლაცია საერთოდ არ მოუწიოთ.