ვუჭერთ მხარს ყველა ინიციატივას, რაც ერის სიჯანსაღეს შეეშველება, – ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ სასულიერო პირები ემხრობიან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.
ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტში წერს, რომ კრიტიკული მედია საკუთარ თავს საქართველოს ცენტრში ხედავს და სინამდვილეში არაფერი მოხდება თუ რამდენიმე თოქშოუ დაიხურება.
„მათი შეფასება, მათივე სამხილია და ცხადყოფს, რომ ე.წ. კრიტიკული მედია საკუთარ თავს თუ სამყაროს ცენტრში არა, საქართველოს ცენტრში კი ნამდვილად ხედავს. საქართველოს ხსნა ამ მედიასაშუალებების დაფინანსებაზე გადის თურმე და დაურეგულირებელი აზარტული თამაშების სოციალური შედეგები სახსენებელიც არაა იმ უბედურებასთან, რაც ერს დაემართება, თუ რამდენიმე თოქშოუ დაიხურება.
ვუჭერთ მხარს ყველა ინიციატივას, რაც ერის სიჯანსაღეს შეეშველება“, – აცხადებს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მედიაში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას გულისხმობს.