ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეენკო: პოლიტიკური სარჩულის ძებნა, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოში არასწორი მგონია

პოლიტიკური სარჩულის ძებნა ყველაფერში, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რითაც ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას ეხმაურება, რომელიც მიიჩნევს, რომ ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

“სახელმძღვანელოების შექმნისას გარკვეული წესებით ხელმძღვანელობენ და ასე ყველაფერში პოლიტიკური სარჩულის ძებნა, მით უმეტეს, ბავშვების სასკოლო სახელმძღვანელოებში არასწორი მგონია. სახელმძღვანელოებში შედიან ის პოლიტიკური მოღვაწეები, ვინც ჩაითვალა, რომ ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. მე არ ვიცი, პროტოკოლის რაიმე ერთი ნაწილი მაინც, რომელიც რაიმე ფორმით კრძალავს იმას, რომ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყოს შეტანილი სახელმძღვანელოში. ერთ- ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ონლაინ- პლატფორმა არის ვიკიპედია, სადაც უამრავი ინფორმაციაა, მათ შორის, მოქმედ პოლიტიკოსებზე. არ ვიცი, ეს რამდენად მიუღებელი და დაუშვებელია, რომ მოქმედი პოლიტიკოსი შევიდეს ისტორიის სახელმძღვანელოში”, – განაცხადა სერგეენკომ.

ინფორმაციისთვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, ვარდების რევოლუციას და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ვარდების რევოლუციის როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

იტვირთბა....