შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, FBI-სა და ლევან სამსახრაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ასაჯაროვებს.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, გასროლიდან იარაღების აღმოჩენამდე, კადრი უწყვეტია.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კადრში პირველი წყვეტა 5 წუთსა და 9 წამზე ფიქსირდება.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას, ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც მანქანა დაათვალიერა, შიგნით იარაღი არ აღმოუჩენია.
„შემთხვევის ადგილზე რომ მივედით, სადღაც დაახლოებით ღამის 01:00 საათი იყო. გაჩერებული იყო მუქი ფერის BMW, იქვე იყო პატრულის მანქანა და იდგა ირაკლი ფირცხალავა. შემთხვევის ადგილი დავათვალიერე და ვნახე 5 ახალგაზრდა. ერთი მანქანის წინ იყო. მანქანა რომ დავათვალიერე, იქ იარაღი არ ყოფილა. არც ბუტა რობაქიძის გვერდით ყოფილა იარაღი”, – განაცხადა მოწმე, ელიზბარ ჩიკვაიძემ, რომელიც თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო.
მისივე თქმით, დიდუბის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მამუკა გვაზავამ მას უთხრა, რომ რობაქიძე პატრულის თანამშრომელს შემოაკვდა და პატრულის დისკრედიტაციის თავიდან ასაცილებლად, მანქანაში იარაღი უნდა ჩაეყარათ.
„არავის უთქვამს ჩემთვის, როდესაც მანქანას ვათვალიერებდი, რომ ავტომანქანაში მსხდომების მხრიდან მოხდა ცეცხლის გახსნა. მამუკა გვაზავამ მითხრა, (დიდუბის პოლიციის ყოფილი უფროსი) პატრულის თანამშრომელს შემოაკვდა და იარაღი უნდა ჩავყაროთ, რომ არ მოხდეს პატრულის დისკრედიტაციაო. მე ეს არ გავაკეთე”- აღნიშნა მოწმემ.