ირანის პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ოფიციალურად დაარეგულირებს გადასახადებს, რომლებსაც ირანი აკისრებს ზოგიერთ გემს ჰორმუზის სრუტის გაკვეთისას. ამის შესახებ Times of Israel ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
ირანული მედიის ცნობით, ირანელმა დეპუტატმა, მოჰამადრეზა რეზაეი კუჩიმ განაცხადა, რომ „პარლამენტი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ოფიციალურად დააკანონებს ირანის სუვერენიტეტს, კონტროლსა და ზედამხედველობას ჰორმუზის სრუტეზე, ამავდროულად, შექმნის შემოსავლის წყაროს გადასახადების ამოღების გზით“.
„ეს სრულიად ბუნებრივია, როგორც სხვა დერეფნებში იხდიან ტრანზიტის გადასახადს, ჰორმუზის სრუტეც ასევე დერეფანია. ჩვენ უზრუნველვყოფთ მის უსაფრთხოებას და ბუნებრივია, გემებმა და ნავთობტანკერებმა ასეთი გადასახადები უნდა გადაიხადონ“, – განაცხადა დეპუტატმა.
Times of Israel-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლებად ითვლება და ღიაა ყველა ტიპის საზღვაო მიმოსვლისთვის, ხოლო ირანის მხრიდან გადასახადების დაწესება ამ სტატუსის შეცვლის მცდელობაა და, სავარაუდოდ, ძლიერ წინააღმდეგობას გამოიწვევს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების მხრიდან.

