აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანდრეი სიბიჰა აცხადებს, რომ უკრაინამ დსთ-ს 116 ხელშეკრულება გაწყვიტა – „უნდა მოვკვეთოთ ყველაფერი, რაც ოდესღაც აგრესორ სახელმწიფოსთან გვაკავშირებდა“

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ ქვეყანა დსთ-ს 116 ხელშეკრულება გაწყვიტა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 25 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს 116 საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც იყო დადებული რუსეთის, ბელარუსის მთავრობებთან, ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფარგლებში.

როგორც ანდრეი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს, მთავრობამ შეწყვიტა 25 შეთანხმება, სამი დოკუმენტის დენონსაცია მოახდინა და გავიდა 88 საერთაშორისო ხელშეკრულებიდან.

მისი თქმით, მათ შორის ხუთი ეხება რუსეთს, 23 ბელარუსს, ხოლო 87 გაფორმებულია დსთ-ს ფარგლებში. ასევე შეჩერებულია ერთი სამმხრივი ხელშეკრულება უკრაინას, რუსეთსა და ბელარუსს შორის.

ამ კონტექსტში სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინის სამართლებრივი ბაზა უნდა შეესაბამებოდეს ომის რეალობას და ევროპის კონტინენტზე ახალი უსაფრთხოების არქიტექტურას.

„ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, როგორც მინისტრის. უნდა გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც შეიძლება, ასუსტებდეს უკრაინას, მოვკვეთოთ ყველაფერი, რაც ოდესღაც გვაკავშირებდა აგრესორ სახელმწიფოსთან და ავაშენოთ ძლიერი, სტრატეგიული და გრძელვადიანი თავდაცვის ხაზი თავისუფალი სამყაროსთვის უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე ან უფრო მის მიღმაც“, – აღნიშნა სიბიჰამ.

უკრაინამ დსთ-ს ორგანოების მუშაობაში მონაწილეობა 2018 წელს შეწყვიტა, თუმცა ფორმალურად კვლავ რჩებოდა რიგ შეთანხმებებში მხარედ.

იტვირთბა....