ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ადვოკატი: სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება მის მიმართ აბსურდულ ბრალდებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელი პროცესისთვის მზად არის.

როგორც ადვოკატმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკავილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება მის მიმართ ბრალდებას.

“მესამე პრეზიდენტი დღეს თავს გრძნობს სუსტად. ღვიძლში ფერმენტები აქვს მომატებული და იმედია, დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს ექიმები. მიუხედავად ამისა, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე წარსდგეს. დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ ეს ჯარისკაცები საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიდან არიან, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ბიჭების ხელმძღვანელობით, გულანთებული პატრიოტები, რომელთა რესურსის დახარჯვაც შეიძლება საქართველოსთვის უკეთეს ადგილზე და უფრო მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის.

ისინი აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული, თუმცა პრეზიდენტი მათ მიმართაც ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს. ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პიჯაკების საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

იტვირთბა....