ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბერძენიშვილი: არავის ვაპატიებ, თუ გინდ მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს

რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ვერც მარტო მიხეილ სააკაშვილი დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ვერც არა მიშა ოპოზიციონერები ივანიშვილს.

მისი თქმით, არავის აპატიებს იმას, რომ 7 ნოემბერს ქართველ ხალხს და მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს შეურაცხყოფა მიაყენეს.

“როდესაც ივანიშვილს მე და პაატა ზაქარეიშვილი პირველად შევხვდით, 7 ნოემბრის თემაზე მან მითხრა, მიშამ დამაგოიმაო. ის ყოველთვის გაურბოდა ამ თემაზე საუბარს. მას აქვს ნათქვამი – „მე გავმწარდი, როდესაც მიშამ ხალხი დაარბია. მას დავურეკე და ვუთხარი, არიქა, ასე როგორ შეიძლება. მან მითხრა, შენი რჩევა გავითვალისწინე და გადავდექიო. როგორ მომატყუა, მეგონა, მე ვურჩიე და ამიტომ გადადგა, თურმე ამერიკელებმა ურჩიეს“. ამის შემდეგ მიშას მოსწყინდა, ერთი-ორი თბილი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ბიძინას ასე რამდენიმეწლიანი ფიქრი, გაქცეულიყო საქართველოდან თუ ებრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ.

იმ დროს სააკაშვილი და მისი მილიარდერი და დამფინანსებელი ერთ მხარეს იყვნენ. 7 ნოემბერს რომ გვესროლეს და გაზით დაგვხოცეს, დიდი წილი ამ ეკიპირებისა და აპარატურის ბიძინას ფულით იყო ნაყიდი. მაშინ ბიძინა უფრო სუსტი იყო, ხოლო ძლიერი მიშა.

მე ვუყურებ პრაგმატულად – ვიცი, რომ ვერც მარტო მიშა დაამარცხებს ბიძინას და ვერც მარტო „არა მიშა“ ოპოზიციონერები დავამარცხებთ ბიძინას. მოგვიწევს ერთმანეთის აღიარება და პატივისცემა სიყვარულის გარეშე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავის ვაპატიებ, თუ გინდ მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს ქართველ ხალხს და მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს შეურაცხყოფა მიაყენეს. „მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე და გადავდექი“ – ეს მიშისტებისთვის ნათქვამი ტექსტია. როცა ამბობს, არჩევნები ჩავატარე და ძლივს მოვიგეო, არ მოუგია, გააყალბა, მეორე ტური იყო – თბილისში ოფიციალურად 31% აქვს აღებული. მე არ ავიტან ტყუილებს და შემიძლია მიშასთან თანამშრომლობა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიაზე შეტევა დაიწყო.

იტვირთბა....