ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უბანზე აგიტაციის წესი დაარღვია.
მისი თქმით, კახა კუჭავა ხმის მისაცემად საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით მივიდა, რაზეც საოლქო კომისია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
“როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი”, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერსა და 64 საკრებულოს 2 068 წევრს პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო.