ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძის თქმით, საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი აბსურდულია

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საია-ს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი აბსურდულია.

მისივე თქმით, შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.

“როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი იმ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც 2 კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება.

ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი სახელით შეიტანა. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა.

შემაშფოთებელია, რომ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

იტვირთბა....