დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის სააგიტაციო ბანერებზე პოლიტიკური შინაარსის მქონე ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
NCDC გმობს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ ამ პროცესთან კავშირი არ აქვს.
“მასმედიის საშუალებებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.
თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში ახალი ბანერები, სახელწოდებით არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს! გამოჩნდა, რომელზეც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული.

