ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უწყება ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის შექმნის პროექტის განხორციელებას იწყებს.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ როგორც ტურიზმის მიზიდულობის უნიკალური ადგილი.
„იცით, რომ წლებია ვამუშავებდით ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი მოინახულებს. წელს პრემიერის დავალებით, გადავედით პროექტის უშუალოდ განხორციელებაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიღებული აქვს დავალება, გამოყოფილია საწყისი ბიუჯეტი და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე”, – აღნიშნა თურნავამ.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს.