საბერძნეთი ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი მოქალაქეებისთვის ახალ რეგულაციებს აწესებს.
ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.
გამოცემის ცნობით, რეგულაციები მოიცავს აუცრელი პირებისთვის ყოველკვირეულ ან კვირაში ორჯერ COVID-19-ზე ტესტირების ჩატარებას. ამასთან, ზოგიერთ საჯარო სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული პირები, ან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
კერძოდ, საგანმანათლებლო, ტურიზმის, სარესტორნო ან გართობის სექტორში დასაქმებულმა პირებმა სწრაფი ტესტი კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტარონ. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც.
გარდა ამისა, აუცრელ მოქალაქეებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ.
საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რეგულაციები სადამსჯელო ხასიათს არ ატარებს და ეს არის ის, რაც პასუხისმგებელმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს.

